მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 6 წლით პატიმრობა ემუქრება. ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლოში კი მის წინააღმდეგ კიდევ ოთხი საქმე განიხილება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით) გამოძიება მიმდინარეობს.
„ბევრი კითხულობს დღეს: აპირებს თუ არა პრეზიდენტი მის შეწყალებას? პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს! იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.
იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი, სწორედ ამ პიჯაკით, და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.
იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო - როცა მოქალაქეობა დატოვა და როცა დღეს, სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა და რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად ქვეყანაში შემოვიდა, რათა დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია „მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად“ ჩაატარეს.
„სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. აწი კანონი იკანონებს და იწყება საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის ახალი ფურცელი. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ თბილისში დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.
ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, თუმცა Facebook-ში 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა გზით და როდის შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.