weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა სააკაშვილის დაკავება, ერთი ადამიანიც არ დაშავებულა – კუჭავა

09:47 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის თანაგუნდელებს გუშინ ტყუილი არ უთქვამთ. როგორც კუჭავა ამბობს, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ სააკაშვილი საქართველოში იქნებოდა და გავრცელებული ვიდეოც აწყობილი კომპიუტერული გრაფიკა ეგონა.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ იქნებოდა აქ. როდესაც ადამიანი ასჯერ გაცემს პირობას და ასმეერთეჯერაც გთხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს. არამხოლოდ ამ შემტხვევაში, მეეჭვება, დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია.

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, სამართალდამცველები აკონტროლებდნენ მთელ მის მიმოსვლას, მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანიც არათუ არ დაშავებულა, არც კი ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეკითხვაზე, რატომ არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, კუჭავამ უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ეცოდინება ყველაფერი, რაც მისთვის საჭიროა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სპეცოპერაციაზე და საუბარი არის გარკვეულ პერიოდში დაგეგმილ სპეცოპერაციაზე, რომელზეც მათ ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა სცოდნოდათ, თუნდაც იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ სპეცოპერაცია ჩატარებულიყო მაღალ დონეზე და არ ყოფილიყო ზედმეტი აჟიოტაჟი, ხელშეშლა, მათ გააკეთეს ეს არჩევანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ზუსტადაც სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ იმ საქმეს, რაც მას ევალებათ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება კარგი მაგალითი იქნება სხვებისთვის, რომ თუ რაიმე პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი, მასზე უარი თქვან და ხელი შეუწყონ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, თბილისში დააკავეს. დილით მან თავად გაავრცელა განცხადება, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და სხვა ლიდერები მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ სააკაშვილის საქართველოში ყოფნას, მის მიერ გამოქვეყნებულ, ბათუმში გადაღებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი არა ბათუმში, არამედ უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი საქმე განიხილება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით) გამოძიება მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]