ელჩის შეფასებით, სავალალოა, რომ ბოლო კვირების და ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება პოლარიზებული რჩება. მისი თქმით, ერთი რამ, რაზეც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, ეს არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ხმის მიცემა.
„მე იმედი მაქვს, რომ დღეს ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ, ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას.
როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია უზრუნველყოფილი იქნება მისი ყველა მოქალაქისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის, რომ დემოკრატიის ტესტი ჩაბარებული იყოს დამაჯერებლად“, – აღნიშნა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ოდირისა და ევროპარლამენტარების, ვერდიქტს ხვალ მოვისმენთ.
19 აპრილს შეთანხმების თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმება ძალაშია და „ქართული ოცნების“ დემარში არაფერს ცვლის.