weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ იმ ბინის მეპატრონეც დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა

12:42 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. დაკავებულს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„გამოძიების ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ასევე დაკავებულია, საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭელიძემ.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია საზოგადოებაში დაპირისპირების და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, პირველ ოქტომბერს, საღამოს განაცხადა. მანამდე, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოებში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, თუმცა Facebook-ში 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში. ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]