weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა როგორც კურდღელი – წულუკიანი

13:56 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

„გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა ისე, როგორც სჩვევია, როგორც კურდღელი“, – განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილს საზღვარი კანონიერად, გამშვები პუნქტის გავლით არ გადმოუკვეთავს.

„ჩემი აზრით, სააკაშვილს, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა, ჰქონდა გეგმა, წარმოჩენილი ყოფილიყო როგორც გმირი, როგორც ლიდერი, მაგრამ როდესაც გინდა იყო გმირი და ლიდერი, რა თქმა უნდა, შენ საკუთარ სამშობლოში არ იპარები ჩუმად, არამედ მას შეეძლო საზღვარი გადმოელახა იქ, სადაც არის გამშვები პუნქტი, კანონიერად და მოვლინებოდა საკუთარ პოლიტიკურ ძალას ხელმძღვანელად და ლიდერად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ, მისი საქციელის მერე და სამართალდამცველების მიერ წარმატებული სპეცოპერაციის მერე აღარ არსებობს ლიდერი, როგორც სააკაშვილი და აღარ არსებობს არც პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, პირველ ოქტომბერს, საღამოს განაცხადა. მანამდე, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოებში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია საზოგადოებაში დაპირისპირების და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ მამუკა ჭელიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი საქმე განიხილება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, განაჩენებს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]