უკრაინულ გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, პოდოლიაკმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სააკაშვილთან დაკავშირებით არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შესაბამის პასუხს, ასე რომ ვთქვათ, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს.
ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, პირველ ოქტომბერს, საღამოს განაცხადა. მანამდე, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოებში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია საზოგადოებაში დაპირისპირების და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ მამუკა ჭელიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი საქმე განიხილება.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, განაჩენებს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.