weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით შემოვიდა – ბოკუჩავა

17:44 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

„მან თქვა, რომ ის შემოვიდა ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად“, – განცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„პრეზიდენტი სააკაშვილის მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მოხდებოდა მისი დაკავება, მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საფრთხე და მიუხედავად ამ საფრთხისა მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩათვალა, ახლა ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ საბოლოო გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

„დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს. მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს.

არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, არა პრივილეგიაზე, არა თანამდებობაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანზე, რომელზეც არის უზომოდ შეყვარებული. ამიტომ დღეს ვარ განმსჭვალული რწმენით გამარჯვებასთან დაკავშირებით მეტად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. დღეს ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, პირველ ოქტომბერს, საღამოს განაცხადა. მანამდე, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოებში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია საზოგადოებაში დაპირისპირების და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ მამუკა ჭელიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი საქმე განიხილება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, განაჩენებს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]