„მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ქუთაისი რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების და კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი, ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არამხოლოდ“, – განაცხადა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
ქუთაისში, სადაც მერის თანამდებობაზე კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იყრის, მეორე ტური გაიმართება, რადგან ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთა ხმების 43.35% (28 128 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა – 41.49% (26 922 ხმა).