როგორც ზაზა გულიაშვილი ამბობს, მეორე ტურისთვის ემზადება და დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩემდა გასაკვირად, ქარელის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ სურს მუნიციპალიტეტის განვითარება, წინსვლა, წარმატება და ასევე მთლიანად ქვეყანაში წინსვლისა და წარმატების დანახვა.
მოლოდინი გვქონდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, მაგრამ შედეგი შედეგია, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რომ ხალხმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და თვითონ გადაწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინათ“, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2014 წლიდან მუშაობდა, მერის თანამდებობას კი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იკავებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ზაზა გულიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 45.77% მიიღო, რაც 8595 ამომრჩევლის ხმაა. პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხმების ნახევარზე მეტის მოპოვება იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“ ნიკოლოზ ახალკაცი, რომელსაც ამომრჩეველთა 34.07%-მა (6399 ამომრჩეველი) მისცა ხმა.