weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

17:12 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

რუსთავში, N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც მონაწილეობენ და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ აქციის მონაწილეებს წაუკითხა წერილი, რომელიც მესამე პრეზიდენტმა დღეს, შეხვედრისას გადასცა. დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება.

„თქვენთან გამომატანა პატარა წერილი და მინდა ეს წერილი წაგიკითხოთ: „მადლობა, ჩემო ძმებო და დებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე!“

ჩვენ, ყველას ერთად, თქვენ განსაკუთრებით და მიშას ამ საპყრობილიდან თავი გვაქვს გადადებული ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

აქციაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელიაც გამოვიდა. როგორც მელიამ თქვა, მასსა და სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა.

„პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალი და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო.

ის არის ბედნიერი ადამიანი, რომ აქვს პატივი იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით, ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ. დიდი მადლობა მას ამისთვის. მიშას არავინ აძალებდა, რომ ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ყველაზე მეტად თავისუფალი თუ არა, ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. ჩვენ, ოქტომბრის ბოლოს, 30 ოქტომბერს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც, რუსთავიც, ბათუმიც, სენაკიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]