„საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი.
საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურების ჩატარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. მე შეშფოთებული ვარ დაშინების და ხმების ყიდვის შესახებ ვრცელი ანგარიშებით.
ვინაიდან საქართველოს მთავრობა აორგანიზებს მეორე ტურს, მან უნდა განიხილოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული პრობლემები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – აცხადებს ჯიმ რიში.
2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების საერთო რაოდენობის 30.7% აქვს, ხოლო მესამეზე – „გახარია-საქართველოსთვის“ ხმების 7.8%-ით. ამასთან, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ვერ შეძლეს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მერის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 15 მუნიციპალიტეტშიც.
მეორე ტური სავარაუდოდ 30 ოქტომბერს დაინიშნება.