weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

„ოცნება“ მარტვილის იმ უბნის გადათვლას ითხოვს, სადაც გახარიას პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა

16:35 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021 hits 324
ფოტოზე გიგა ფარულავა ფოტოზე გიგა ფარულავა

ქართული ოცნება N65 მარტვილის საარჩევნო ოლქის პირველი უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე პარტია გახარია - საქართველოსთვის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ 225 ხმით მეტი მიიღო.

როგორც „რეგინფოს“ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პეტრე მანტუამ განუცხადა, საჩივარი გუშინ მიიღეს. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ხმის დათვლის დროს, ნერვიული ფონის გათვალისწინებით, მთვლელები შეცდომებს უშვებდნენ.

„საჩივარი ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განსახილველად უნდა წავიდეს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რაც საჩივარშია აღნიშნული, თუ გამოიკვეთა ობიეტური გარემოებები, კომისია მიიღებს უბნის გახსნის გადაწყვეტილებას“, – ამბობს პეტრე მანტუა.

პირველი საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხორავამ 378 ხმა (55.26%) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ბარამიამ 153 ხმა. ბათილად იქნა ცნობილი 30 ბიულეტენი.

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას და აღნიშნავს, რომ ხმის დათვლის პროცესის დროს, პროცედურული საჩივარი არ დაფიქსირებულა.

„თუ „ქართული ოცნების“ აბსურდული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ოლქის მხრიდან, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი. ჩვენ ამ ფაქტს მივყვებით ბოლომდე და არ გაბედოთ, კიდევ ერთხელ ამომრჩევლის ხმის მოპარვა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ დღევანდელ ბრიფინგზე.

პირველი საარჩევნო უბანი მარტვილის პირველ მაჟორიტარულ ოლქში შედის. აღნიშნულ ოლქში კიდევ ოთხი უბანია. ოლქის შედეგებით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯამში 1076 ხმა (42.1%) მოაგროვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა – 934 (36.54%).

„ქართულმა ოცნებამ“ მარტვილის 12 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში მხოლოდ 4 ოლქში გაიმარჯვა. 1 ოლქში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიპოვა, 2 ოლქში – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, კიდევ 2 ოლქში კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებმა. დარჩენილ 3 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]