weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

10:34 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ წერს. მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში „ქურდულად და კანონის“ დარღვევით შემოვიდა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. 

„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა.

ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.

ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.

ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას.

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო.

ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად.

ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა.

სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 4 საქმეზე, რომლებზეც სასამართლოში განხილვები არ არის დასრულებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]