weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარლის მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილია, სიის პირველი ნომერი დავით ქევხიშვილი

17:18 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

„ქართული ოცნებიდან“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი 30 წლის როსტომ სესიაშვილია, პარტიული სიის პირველი ნომერი კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. 

როსტომ სესიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული ფაკულტეტი. 2008–2011 წლებში სწავლობა ამავე უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2004–2004 წლებში იყო ორგანიზაცია „მომავალი ფერმერები საქართველოში“ ხელმძღვანელი. 2005–2015 წლებში მუშაობდა ს/ს „ქინძმარაულის მარანში“ სხვადასხვა პოზიიაზე, იყო მუშა, მთავარი აგრონომის თანაშემწე, ტურიზმის მენეჯერი.

2010 წლიდან არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წლიდან ასევე არის შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წლიდან „ქართული ოცნების“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება დავით ქევხიშვილს, ის 34 წლის არის. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2012 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.

დავით ქევხიშვლი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდა. ცესკო–ს მონაცემებით, ყვარელში გამარჯვება 9 927 ხმით (50,15%) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა მოიპოვა. დავით ქევხიშვილმა 9 122 ხმა (46,08%) მიიღო.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც 2014 წლის 25 აპრილამდე მუშაობდა. იგი 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ყვარლის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავდა.

4 აპრილს, „ქართული ოცნების“ წევრმა ბაკურ სესიაშვილმა ყვარლის პოლიციას მიმართა განცხადებით, სადაც აღწერდა, რომ ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამგებელმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა.

ბაკურ სესიაშვილის განცხადების საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ქევხიშვილს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). პროკურატურამ ყვარლის გამგებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა 2 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, თანამდებობიდან მისი გადაყენება. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან არ გადააყენა. აღკვეთის ღონისძიების ნაწილში კი მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სათანადოდ მოქცევის ვალდებულება დაუწესდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

პროკურატურამ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გამგებლის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადაყენება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

25 აპრილს, დილით, პოლიციამ ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

იმავე დღეს საკრებულოს წევრებმა დახურული სხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამგეობის შენობა პოლიციას ჰქონდა დაკავებული. საკრებულოს სხდომა ისე ჩატარდა და გამგებელი ისე გაათავისუფლეს, რომ სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი საჯარო არ გამხდარა. პოლიციამ სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე წევრის გარდა, არავინ დაუშვა და დააკავა ყველა ის პირი, ვინც საკრებულოს წევრს, პროტესტის ნიშნად, კვერცხები ესროლა და ისინიც, ვინც მათ გამოექომაგა. სამაგიეროდ, არ დაუკავებიათ საკრებულოს წევრები, რომლებიც უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ და გამგებლის მხარდამჭერებს პოლიციის თვალწინ სახეში ურტყამდნენ.

ყვარლის გამგებლის გარდა, მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 –ე მუხლთან ერთად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, 173–ე მუხლით ედებოდა. დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ისინი სამართალდამრღვევებად მაინც სცნო და ჯარიმა დააკისრა.

ქევხიშვილის მხარდამჭერების განცხადებით, ყვარლის გამგებლის წინააღმდეგ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.

2014 წლის 4 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. მოსამართლემ ქევხიშვილი თანამდებობაზე ვეღარ აღადგინა, რადგან მუნიციპალიტეტს უკვე ახლადარჩეული გამგებელი ჰყავდა. მოგვიანებით, ქევხიშვილის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]