weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათილი ხმების გადათვლის შემდეგ ზუგდიდის 1 მაჟორიტარულ ოლქში ენმ-მ გამარჯვება დაკარგა

10:46 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პარტია „ქართული ოცნების“ საჩივარი და მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ – 12, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 1 ხმა დაემატა.

ბათილი ბიულეტენების გადათვლის პროცესი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამ მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. კერძოდ, მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ჰქონდა, სოსო გოგოხიას კი – 1180. გადათვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულად გამოცხადდა და მომავალ საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების კონვერტების წინასწარ გახსნასა და ბიულეტენების ჩასწორებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, უნდა დადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„დღეს რაც გააკეთა ზუგიდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არ არსებობს რანაირი ობიექტური და ნეიტრალური საოლქო საარჩევნო კომისია. არსებობს „ქართული ოცნების“ დანაყოფი, რომლის ხელძღვანელიც არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი მირანდა მესხი. არანაირი სამართლებრივი საფუძველი მე-11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გადასათვლელად მას არ ჰქონდა. კონვერტები იყო გახსნილი, ლუქი იყო ახსნილი. ასე აკეთებდნენ შევარდნაძის პერიოდის საქართველოში, როდესაც ხსნიდნენ კონვერტებს, ამატებდნენ ბიულეტენებს და უჯდებოდათ ის, რაც უჯდებოდათ. ყველა უბნში, რომელიც მანამდე გადაითვალეს, გაბათილებული ხმების უმრავლესობა დაგვემატა ჩვენ - გაერთიანებულ ოპოზიციას. რატომღაც ამ ოლქში აღმოჩნდა ისე, რომ დაემატა იმდენი ხმა, რამდენიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მირანდა მესხის განცხადებით, დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ოლქმა კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღო.

„აქ ესწრებოდა ამ პროცესს, სადამკვირვევბლო ორგანიზაციები. საია, „სამართლიანი არჩევნები“, „საერტაშორისო გამჭვირვალობა“, აბსოლიტურად ყველა ჩართული მხარე. ყველა ხედავდით როგორ გაიხსნა ეს კონვერტები, ამიტომ მე ამაზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ. კარგად კი ჭიკჭიკებდნენ, როცა მათ ემატებოდათ ხმები. მე ვერავის პოზიციას ვერ დავიკავებ. არც აქეთას და არც იქეთას. აქ ამოვიდა რეალური ხმები, რომელიც გადანაწილდა სამივე კანდიდატზე, ვინც იღებდა მაჟორიტარული წესით მონაწილეობას“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

პარტია „ქართული ოცნება“ თავის სარჩელში წერდა, რომ მე-11 მაჟორიტარული ოლქში ოთხ საარჩევნო უბანში ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობა საეჭვოდ იქნა მიჩნეული, კანონდარღვევით ბათილად ჩაითვალა და დაემატა ბათილად მიჩნეული ბიულეტენების დასტას, შედეგად კი არასწორად გაბათილდა ჯამში 95 ბიულეტენი.

საოლქო საარჩევნო კომისიის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგად, „ნაციონალური მოძრაობამ“ ზუგდიდის 15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 8 პირველივე ტურში მოიგო, ერთ ოლქში კი არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 15 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა, 30 კი – პროპორციული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]