weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ხვალ ყველანი ხმების დასაცავად“ – სააკაშვილი ზუგდიდელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

19:52 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და უკვე აპირებენ სენაკშიც, სხვაგანაც არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან“, – ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

„ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატ ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში. ის, რომ ვერ გავუფრთხილდით პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, ეს არასოდეს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ზუგდიდში აქციის გამართვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დააანონსა. მელია და მისი მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ დააკმაყოფილა პარტია „ქართული ოცნების“ საჩივარი და მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ – 12, „გახარია - საქართველოსთვის“ – 2, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 1 ხმა დაემატა.

ამ მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. კერძოდ, მანუჩარ ფიფიას 1182 ხმა ჰქონდა, სოსო გოგოხიას კი – 1180. გადათვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულად გამოცხადდა და მომავალ საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების კონვერტების წინასწარ გახსნასა და ბიულეტენების ჩასწორებაში ადანაშაულებდა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ცესკო აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]