ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები მისი ნებართვის გარეშე ვრცელდება.
„მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე ვერ შევნიშნე. მე მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს ამ საკითხების უტრირება იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით.
გუშინ მან უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი და სხვა არხების ეთერში გადიოდა. იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ მდგომარეობა სტაბილური და ძალიან ნორმალურია. ცვლილებები ჩვენთან კომუნიკაციის დროს ნამდვილად არ შეგვინიშნავს“, – თქვა გვარამიამ ჟურნალისტებთან.
ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილიც, რომელშიც ის მხარდამჭერებს სთხოვს, მთელი ყურადღება არჩევნებს დაუთმონ.
„ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
შიმშილობის გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წუხელ გაავრცელა, რასაც რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გავცრელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.