„ერთ საიდუმლოსაც გეტყვით: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გაუარესების რეალური რისკი არ არსებობს, რადგან „სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა“.
„სასამართლო სხდომებიც იქნება, ნებისმიერ დეპუტატს, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ზედმიწევნით იქნება დაცული იმ წლების განმავლობაში, რომელსაც ის ქართულ საპატიმროში გაატარებს.