weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ – ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი

14:07 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრმა, მაიკლ გალერმა საქართველოში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხრიდან გაჟონილ, უკანონო მოსმენების ამსახველ ფაილებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი მინისტრი პასუხისმგებლობას აიღებდა და გადადგებოდა.

„ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია.

მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა.

ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინ არის ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევეით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთავალო ისინი, ვისზეც ეჭვია. თუმცა, მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა გალერმა.

მაიკლ გალერი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში იყო ჩამოსული და ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 30 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრას დელეგაციის წევრი სხვა ევროპარლამენტარებისც ესწრებოდნენ.

სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში აღწერილი სატელეფონო საუბრები ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუმცა ჩანაწერებში არსებული საუბრების ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში იყო დაბარებული. მოგვიანებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით. დიპლომატების განცხადებით, ეს უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში.

სავარაუდოდ სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ: „გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ასე ვთქვათ, ფაბრიკაცია, თუ კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]