მიტროპოლიტის თქმით, რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს სთხოვა, მხარდამჭერებს და ტელევიზიებს მოუწოდოს, შერიგებასა და ქრისტიანულ მიტევებაზე იფიქრონ. როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო შერიგებაზე. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში განვითარდება ქვეყანა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანერთზე ცუდი საუბარი. ბატონ მიხეილს ვთხოვე მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის და ვისაც, განსაკუთრებით რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება რომ მოუწოდოს, რომ ჩვენ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ერთმანეთისთვის მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი. ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ ის პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და ბევრი კიდევ სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს.
პირველ რიგში, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ბევრი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც და იქაც ეს ანგარიშსწორება, სამართლებრივი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ იქნება პერსპექტიული.
მე მინდა თქვენც მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.
მიტროპოლიტს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რადგან ამ პრინციპით შეიძლება სხვა პატიმრებმაც მოითხოვონ გათავისუფლება, რაზეც სასულიერო პირმა თქვა:
„არა, არავითარ მსგავს განცხადებებს არ ვაკეთებ. მე ვამბობ მხოლოდ მარტივ რაღაცას, რომ ის იყო ქვეყნის პირველი პირი, ის იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები. ამ ხელისუფლების ყოფილი პირველი პირებიც გვყავს და ამიტომ ვამბობ, რომ შემწყნარებლობის, შერიგების, თანამშრომლების მაგალითი პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ რიგით მოქალაქეებს. ეს არის ჩემი პოზიცია“.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ უსაუბრია. მიტროპოლიტის თქმით, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაშიც ვერ ჩაერევა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.
1-ელ ოქტომბერს, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-13 დღეა შიმშილობს.