weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

11:11 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021
ფოტო © AFP ფოტო © AFP

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს აქცია გაიმართება, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული და 18:00 საათზე დაიწყება. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს არ არის ერთი პარტიის აქცია, სადაც მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიძლება მივიდნენ.

„ეს არის საყოველთაო აქცია, რომელსაც დაესწრება ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოფნა არის მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აქციას არ შუერთდება, თუმცა მათი ცალკეული წევრები აქციაზე მისვლას აპირებენ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. აქ საკითხი ეხება ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებას, სამართლიანი სასამართლოს არსებობას. ამ აქციაზე კიდევ დადგება საკითხი, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ამ სულისკვეთებას ვიზიარებ.

რაც შეეხება აქციაზე მისვლის საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტიულად არ იქნება ამ აქციაზე წარმოდგენილი, მაგრამ მის თოთოეულ წევრს შეუძლია დაესწროს აქცია“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

გრიოლ გეგელიაც ამბობს, რომ „ლელო“, როგორც პარტია, ასევე არ მონაწილეობს აქციაში, მაგრამ თუ ცალკეულ პირებს აქვთ იქ მისვლის სურვილი, ეს მათი არჩევანია.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას მისი პარტია არ შეუერთდება. ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა მოლოდინი, რომ დღეს უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და მისი გათავისუფლების გარეშე არჩევნების მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს არასწორი მიდგომაა და არარეალისტურია, რაზეც ის პასუხისმგებლობას არ აიღებს.

„მეორეა, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა. ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-14 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]