weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მივუტევოთ ერთმანეთს“ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

19:17 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა გააცნეს. წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა, წერია, რომ საზოგადოებას და ქვეყანას დიდი შერიგება სჭირდება. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ კიდევ ერთი რევანში და შურისძიება საბოლოოდ დაანგრევს საქართველოს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს 30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნებზე მონაწილეობის მნიშვნელობას.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან, ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია ქართველებს ჰქონდეს სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპული ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ.

რატომ ვარ დღეს საქარველოში? მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში.

უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელიო, ამას სიკვდილი მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ.

აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს.

ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის – არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა.

ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.

კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება, უარი რევანშზე და შურისძიებაზე.

გვეყოფა მარცხი! ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი! 30-ში ყველანი არჩევნებზე! დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, ზაზა მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში!

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა. ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, აბა თქვენ იცით. თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით, მიხეილ სააკაშვილი“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-14 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]