„მე ძალიან კარგად ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ. სხვადასხვა გავლენები და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, ეს ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაციაა, მიხეილ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენდა უნებურად, ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, რაღაც კომპლექსს ვუჩენთ, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო და მიხარია, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიტყვებში, რასაც ვიტყვი: არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა.
თუკი რაიმისკენ მივისწრაფვით, ეს არის ერთობა და გაერთიანება, ერთსულოვნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არა ერთიანი სახალხო მოძრობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას.
შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე ამომრჩევლის რაღაც რაოდენობას ეს არ მოსწონს, როდესაც ვამბობ, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით და ეს გვინდა. ამ ყველაფრის, დიახაც, პიონერებიც გვინდა ვიყოთ“, – განაცხადა მელიამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ნიკა მელიამ ამომრჩევლებს 30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა: „წინ გველის ისტორიული თარიღი - 30 ოქტომბერი, სადაც ეს ქეყანა უნდა გავათავისუფლოთ და გავათავისუფლებთ და მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება, ხალხო“.