მელიას თქმით, არავინ არ უარყოფს, რომ დიდი საქმეების კვალდაკვალ შეცდომებიც იყო დაშვებული.
„ვის არ დაუშვია შეცდომა? მაგრამ იმ სასამართლოს, რომელსაც მურუსიძე განკარგავს, ივანიშვილის დავალებით, არანაირი უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გასამართლების და ვერც გაასამართლებს. ნდობა არის ნულოვანი ამ სასამართლოს მიმართ.
მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე, მორალურად ხარ უკვე გამარჯვებული და აი, როგორც გაიმარჯვე მორალურად უკვე, ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ხალხს დავუბრუნებთ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გეგმაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაც, მთელი ოპოზიციის გეგმა, ეს არის ყველა პატიოსანი ღირსეული საქართველოს მოქალაქის გეგმა. ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იცხოვრებოდეს და ბევრი ბედნიერი, ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ზვარაკად ვეწირებით, ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-14 დღეა შიმშილობს.