საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, წულუკიანმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტი ძალა უწოდა და თქვა, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ცხრა წლის თავზე მან ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება.
„ჩვენ კი ეს შევძელით, იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ, კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ყველამ, ვინც ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაშია, სწორი ანალიზი უნდა გამოიტანოს იქიდან, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.