weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოველდღე ეთერი დაეთმობა ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზიანა – ტვ იმედი

00:33 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „იმედი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის ემზადება, რომ „რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები“, „იმედი“ კი მაყურებელს „შეახსენებს უმძიმეს წარსულს“, რათა ქვეყანა მას „აღარასდროს დაუბრუნდეს“.

„ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. „იმედი“, როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად.

ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს. „იმედი“ არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.

დღეიდან „იმედი“ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლიტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა. ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის „იმედის“ სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძოლებენ, მათ შორის, თბილისის, თელავის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის მერობისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]