პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს „სიმულიანტი“ და „პროფესიონალი აფერისტიც“ უწოდა.
„ჯერ ვითომ შიმშილობს. მეორეც - უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, არავის ამ ქვეყანაში არ მივცემ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა (მელიამ და ყველამ) ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოში, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა 20 საარჩევნო ოლქში, მათ შორის, მისმა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლეს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის მერის არჩევნებში. მეორე ტურში, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში მისი დაბრუნების შესახებ ცნობილი არჩევნების პირველ ტურამდე ერთი დღით ადრე გახდა. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია.