weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

ქუთაისის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის

12:14 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021 hits 268

ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანია „მთავარს“, მის დირექტორს, ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ ეკა გაგუას სასამართლოში უჩივის.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, მისი მოთხოვნაა, ტელეკომპანია „მთავარს“ დაევალოს ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით.

„საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს მსგავსად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას ამ ტოტალური ტყუილების და შეურაცხყოფების წინააღმდეგ და პირობას ვდებ, ვიბრძოლებ ყველა - ადგილობრივ/ეროვნულ, თუ ნებისმიერ სამართლებრივ ინსტანციაში“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა და სარჩელს ხელი ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა.

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოსებ ხახალეიშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტია. როგორც გვარამიამ თქვა, ის „გადაბირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ იგორ გიორგაძის დროს, 1994 წელს“. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იოსებ ხახალეიშვილის აგენტურული ფსევდონიმია „ბოცა“.

„მთავარი არხის“ ეთერში იოსებ ხახალეიშვილის შესახებ რეპორტაჟი 9 ოქტომბერს გავიდა. რეპორტაჟის ავტორი, ჟურნალისტი ეკა გაგუაც ამბობს, რომ იოსებ ხახალეიშვილი 1994 წლიდან სუს-ის თანამშრომელია და მეტსახელად „ბოცას“ ეძახიან.

„გარდა იმისა, რომ სუს-ის აგენტია, რა გავიგეთ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატზე: გავიგეთ, მაგალითად, რატომ შეარქვეს მას „ბოცა“. ადვილი მისახვედრია - „სმა უყვარს“. წლებია სუფრებს არ აკლდება, ამიტომ ქუთაისში მოფერებით „სამარილესაც“ ეძახიან“, – ამბობს ჟურნალისტი.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მანამდე, 2015-2020 წლებში იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან ამომრჩეველთა ხმების 41.45%-ის (27 093 ხმა) მოგროვება შეძლო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ 43.3%-ის (28 325 ხმა). ქუთაისის მერს მეორე ტურის შედეგად აირჩევენ, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]