როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ერთიანი პლატფორმის მიზანია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. მისივე თქმით, ასეთი პლატფორმა ერთპარტიულობის დასრულების და ჯანსაღი კოალიციის გარანტი იქნება.
„ეს დოკუმენტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ პარტია „დროას“ და „ლელოს“ შემოუერთდნენ არ მარტო პარტიის წევრები რომელიმე სხვა პარტიიდან, არამედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიულები, მაგრამ ფიქრობენ, რომ ასეთი გაერთიანება იქნება მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის საწინდარი“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მემორანდუმის ტექსტს, რომელიც „დროამ“ გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:
„ათწლეულების განმავლობაში, საბჭოური ტიპის ერთპარტიულმა მმართველობამ აქამდეც არაერთხელ შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო კრიზისში. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველია, რომელმაც კატასტროფული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ორიენტაციას. ქვეყანაში პოლიტიკა გაჟღენთილია სიძულვილით, წახალისებულია ძალადობა და ადამიანებს აქვთ დაუცველობის განცდა. მმართველი ძალის უპასუხისმგებლო ნაბიჯები საზოგადოებას ხლეჩს და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს. ქვეყანაში არ არსებობს ფუნდამენტურ ღირებულებებზე საზოგადოებრივი თანხმობა.
საქართველოში გარდამტეხი ცვლილებების დრო დგება. როგორც არასდროს, დღეს საჭიროა საზოგადოების მობილიზება და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.
იმისთვის, რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა,
იმისთვის, რომ გადავტეხოთ შიში, უიმედობა და უპერსპექტივობის განცდა,
დავასრულოთ დაპირისპირება, სიძულვილის ენა და ადამიანების ღირსების გათელვა,
იმისთვის, რომ შევაჩეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა
იმისთვის, რომ ხალხს გავუჩინოთ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის რწმენა,
იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი,
იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ საბჭოური ერთპარტიული მმართველობა და სათავე დავუდოთ ევროპული ტიპის კოალიციურ მმართველობას,
ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია - დროა“ ვქმნით პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია საერთო ღირებულებების გარშემო პოლიტიკური ძალების, პროფესიონალთა ჯგუფების და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გაერთიანება და მუშაობა ევროპული ტიპის დაბალანსებული მმართველობის შესაქმნელად“.