„გამთენიისას შევიდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას ოჯახში, ბავშვების და მეუღლის თვალწინ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა დადეს ლეიბის ქვეშ“, – განაცხადა თენგო ჯგუშიამ.
ლექსო რაფავას მეუღლის თქმით, დაკავებულს სახლში რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა, რომელიც სამართალდამცველებმა წაიღეს. დაკავებული ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდშიც, რუსლან შამახიას სახლში. მათი შეფასებით, მომხდარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.
„ეს არის შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - გაანეიტრალოს ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაში“, – განაცხადა პარლამენტარმა ანა წითლიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.