„ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო.
ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კობა ნაყოფიას ხმა 8938-მა სენაკელმა ამომრჩეველმა (42.3%) მისცა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას – 8495-მა ამომრჩეველმა (40.2%).
ორ მუნიციპალიტეტში – თიანეთსა და ოზურგეთში – „ქართული ოცნების“ კონკურენტები მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.