„ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზოციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი „დაიჩაგრება“. კონტროლი აქვს დაკარგული – ეს გასაგებია, მაგრამ ის, რაც დღეს თქვა, არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტურებთან დაკავშირებით განცხადება დღეს, სენაკში გააკეთა, სადაც მერად კენჭს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია იყრის.
„მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კობა ნაყოფიას ხმა 8938-მა სენაკელმა ამომრჩეველმა (42.3%) მისცა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას – 8495-მა ამომრჩეველმა (40.2%).
ორ მუნიციპალიტეტში – თიანეთსა და ოზურგეთში – „ქართული ოცნების“ კონკურენტები მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.