ხათუნა სამნიძის თქმით, ახალი ამბავი არ არის ის, რომ ქვეყანაში, სინამდვილეში, დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებელი თვითმმართველობა არ არსებობს, თუმცა ძალიან მძიმეა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადების მოსმენა.
„საგანგაშოა, სახიფათოა, ძალიან მძიმეა ამ რეალობის ისევ დანახვა: ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც საერთოდ აზრზე არაა, რას ნიშნავს თვითმმართველობა, ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა. მას ჰგონია, რომ ვინც არ უნდა იყოს თვითმმართველობაში, ოპოზიცია თუ მისი გუნდის წევრები, ის აკონტროლებს ყველას, ანუ ცენტრალური ხელისუფლება არის მთავარი, ის იღებს გადაწყვეტილებებს, ანუ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ადგილობრივ დონეზეც რა გადაწყვეტილებები მიიღონ მმართველებმა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩევლებში ნიჰილიზმი დათესოს და შექმნას განცდა, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემას აზრი არ აქვს.
„ოპოზიციური მერები და მათი არჩევა განაპირობებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს მთელ ქვეყანაში“, – აღნიშნა სამნიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტურებთან დაკავშირებით განცხადება დღეს, სენაკში გააკეთა, სადაც მერად კენჭს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია იყრის.
„მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორ მუნიციპალიტეტში – თიანეთსა და ოზურგეთში – „ქართული ოცნების“ კონკურენტები მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.