weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

21:19 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზრდის არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არაკანონიერი გამოყენების რისკებს და ზიანს აყენებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.

„სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავად მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება) და ასევე, ყველა იმ პირს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა „ექსკლუზიური ვიდეომასალა“, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტრაილერში არის გადაღებული იმ დროს, როდესაც უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებოდა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს: „ეს არის მოტაცება. არ ვიცი, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს. სად მივყავარ, ეგეც არ ვიცი ბოლომდე, მაგრამ ვიდეო მაინც მაქვს თან. გამორჩათ, დამალული მქონდა კარგად“. ტელეკომპანიის ვერსიით, სააკაშვილი გატაცების სცენარს აამუშავებდა იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ განაცხადა, რომ „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, საქმეში არ არსებობდა და შესაბამისად, მის ავთენტურობას არ ადასტურებდა. ბასილაიას თქმით, თუ ვიდეომასალა არსებობს, მისი ამ ფორმით გასაჯაროება ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ ჩამოტვირთეს და გადასცეს კონკრეტულ ტელევიზიას გასავრცელებლად.

პროკურატურამ ადვოკატის ეს განცხადება ცილისწამებად შეაფასა და განმარტა, რომ უფლებადამცველებს 20 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, „რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების, როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა. მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას“, – აცხადებს პროკურატურა და იქვე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]