weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს

13:52 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

„მაქვს გეგმები, ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ განახლებული რეგიონების ფარგლებში“, – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაუზრდის თუ არა დაფინანსებას ოპოზიციონერ მერებსაც, ღარიბაშვილმა თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, რადგან „ხალხი ბრძენია და მოძალადეებს, მკვლელებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი არ იქნება, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე „მინიმუმს შეძლებს“. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და ის თვითმმართველობის საკითხზე ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა.

„გუშინ, როცა სენაკში ვიყავი ჩასული, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, შედარება გავაკეთე და ვთქვი - ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, მან რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. მოვისმინეთ მათი დემაგოგია.

მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადეობას, რომ, როდესაც ეს გამოგონილი, აბსურდული, ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაუკავშირეს თვითმმართველობის არჩევნებს, ამით ხომ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს - მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს, ყველაფერს აბსოლუტურად.

აი, ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ნიმუში. ერთი მხრივ, მთელი კონსტიტუცია, კანონი თვითმმართველობის ცნება მთლიანად უგულებელყვეს და გუშინ, რაც მე სიმართლე ვთქვი... და ასეც არის, იმიტომ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რეგიონში, მხარეში, უამრავი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახური არსებობს და მერს, გინდა არ გინდა, უწევს კოორდინაცია, ურთიერთობა. ამას გარდა, მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით ამ საქმის გასაკეთებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]