ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის, მიხეილ სააკშვილთან მეგობრობა აკავშირებს.
„რაზე ვილაპარაკე ყოფილ პრეზიდენტთან, ჟურნალისტებთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია.
ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ „ბალაგანზე“, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი „ფიზიკურად დასუსტებული არ არის, მაგრამ ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს“, რადგან შიმშილობის 23-ე დღეა.
„გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.
ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.