weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში აქცია „ბრძოლა გამარჯვებამდე“ გაიმართა

22:16 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

ბათუმში მასშტაბური აქცია ლოზუნგით – „ბრძოლა გამარჯვებამდე“ გაიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და თქვა, რომ ის უნდა იყოს „ამ ქვეყანის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი“. როგორც კირთაძემ თქვა, „ეს არის ის ცვლილება, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა 2 ოქტომბრის არჩევნებზე“.

„თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება – ეს იყო მთავარი, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდით. ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი“, – მიმართა კირთაძემ სააკაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გარდა აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიულმა მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარლამენტარი არმაზ ახვლედიანი და „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

„ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ 2012 წლიდან 9 წლის შემდეგ, ამ დღეს მომიწევდა თქვენთან, ძვირფასო ბათუმელებო, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვართ წუმპეში. ცვლილებებს ყოველთვის არ მოჰყვება სიკეთე ქვეყნისთვის.

რამ უნდა დაგვაზღვიოს? ვფიქრობ, რომ როგორც არასდროს წარსულ წლებში, როგორც არასდროს ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ახლა, ბათუმს, ქუთაისს, ხელვაჩაურს, რუსთავს, თელავს, ყველა სხვა დიდ ქალაქს საუკეთესო, განსაკუთრებული დაზღვევა აქვს – ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოდიან ხელისუფლებაში, სრულად აცნობიერებენ საკუთარ და სხვების შეცდომებს, აცნობიერებენ, რატომ აღმოვჩნდით წუმპეში, აცნობიერებენ, რომ ერთპიროვნული მმართველობა დამღუპველია. მოდით ვაღიაროთ, შეცდომა ბევრი იყო, მძიმე შეცდომაც არაერთი იყო, მაგრამ მე მირჩევნია საქმე მქონდეს შეცდომებზე ნასწავლ კაცთან, ვიდრე იმასთან, ვინც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ვერც სხვის შეცდომებზე“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, „ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა ბათუმისთვის და აჭარისთვის, ვინც ბოლომდე უერთგულა, ბათუმის, აჭარის, საერთო ქართულ ინტერესს მიხეილ სააკაშვილია“.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხეს: „ზუსტად ვიცი, რომ „ქათქათა ბათუმს“ ნიშნავს, რომ ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესი მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი“.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბათუმელებს რუსთავი ელის.

„მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის ბათუმელებმაც გააღოთ. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე, არც ერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]