მან მადლობა გადაუხადა ზუგდიდელებს, რომლებმაც პირველ ტურში გაამარჯვებინეს.
„ჩემი კონკურენტის ბილბორდები გაიკრა ზუგდიდში და „წარმატება ბოლომდეო“. უნდა დაეწერა „წაგება ბოლომდე“. რა წარმატება იყო?! წაგებულია, წაგებული! მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. ნორმალურად მოიქეცით, 30 ოქტომბერს მეორე ტური იქნება და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას, ვის მისცემენ ხმას“, – აღნიშნა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, რცხვენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
„რას ბოდავს? რას აკეთებს, ხალხო? მოგწონთ ეს ყველაფერი? ეს რა არის. დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი. მაღურალიო, მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდი ხანი დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ანზორ მელიას „წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე“. ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელია საკუთარ მშობელს არ უფრთხილდება და აწვალებს.
30 ოქტომბერს, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური დაინიშნა ზუგდიდშიც, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 41.15% (21 007 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 46.88% (23 934 ხმა).