weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერმა თელავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ფაქტების გარეშე დაადანაშაულა

18:30 კვირა, 24 ოქტომბერი 2021

„თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე.

ლევანს უპირისპირდება კაცი, გვარად ბოტკოველი. თელავში ყველა ერთმანეთს იცნობს და კარგად ახსოვს, რას საქმიანობდა ბატონი ბოტკოველი, როგორ იყო ჩართული უკანონო საქმიანობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა იგი იყო გუბერნატორის მოადგილე.

თავად ატერორებდა ბიზნესს, გლეხებს, ფერმერებს და მოსახლეობის წინააღმდეგ სჩადიოდა ძალიან ბევრ უსამართლო და უკანონო საქმიანობას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, სადაც ის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის წევრებსა და აქტივისტებს შეხვდა.

„ბოტკოველი არის სააკაშვილის სახე, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი. ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, გიორგი ბოტკოველთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები თუ ჰქონდა. „მეტი რა ჩამოგითვალოთ, ათასი უბედურება ჩამოგითვალეთ. მისი პარტია და მისი ლიდერი, თავადაც იყო ჩართული, ბოტკოველი ამ ორგანიზმის ნაწილია, არ არის გამონაკლისი. ტყუილად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რაღაცის გამკეთებელია, არაფერი არ გაუკეთებია გარდა ძალადობისა და უკანონობისა. კონკრეტული ფაქტები არსებობს უამრავი. ამის თაობაზე მე არ მინდა დავღალო თქვენი მაყურებელი.

30 ოქტომბერს ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩავატარებთ. სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით. მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის წინასწარი განწყობა და გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში. მინდა ჩემს ძვირფას, მშობლიურ თელაველებს ვუთხრა, რომ პირადად მე ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვაპირებთ, მათ შორის, ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში. მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან. მე არ მინდა, ჩვენ არავის გვსურს, ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, როგორიც ხდებოდა მანამდე, წინა წლებში. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2021 წლის 2 ოქტომბერს, თელავში, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 45.429 % მიიღო (13411 ხმა), „ქართული ოცნებიდან“ ლევან ანდრიაშვილმა 46.746 % (13800 ხმა). მესამე ადგილზე გავიდა „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი გიგა ორკოდაშვილი 7.825 % (2310 ხმით). 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭს ბოტკოველი და ანდრიაშვილი იყრიან.

გიორგი ბოტკოველი 2004-2006 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროების სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი. 2007 წელს იყო საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“-ს საგარეჯოს ბანაკის დირექტორი. 2008 წელს იყო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი. 2012-2013 წლებში იყო კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პირველი მოადგილე. 2013-2014 წლებში – თბილისის ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი.

2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატად. მან ხმების 40,43 % (35 645) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებსა და პროკურატურაში გიორგი ბოტკოველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არასდროს ყოფილა აღძრული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]