weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერმა მეჭიაურს მოუწოდა გზა „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუთმოს – მეჭიაურის პასუხი

10:40 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს ნუ დაასხამს და გზა დაუთმოს სახელისუფლებო პარტიის „ახალგაზრდა კანდიდატს“, ლევან წიკლაურს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა თიანეთში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. აქ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ამ ახალგაზრდა წესიერ კაცს. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს და ამ „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. მე ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2017 წელს თამაზ მეჭიაურმა მერის არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა მისი მერობის ოთხი წელი არასტაბილურობის ოთხი წელი იყო.

„არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე.

ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა.

ამას ვგულისხმობდი, როცა ორი დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს. ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერცერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარაც - ყველა კვლევებით, გამოკითხვებით. ჩვენ ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების გვჯერა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ის ამბობს, ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება უნდა და მუნიციპალიტეტებში ოპოზიციონერი მერების არჩევა „შემაფერხებელი ბარიერი“ იქნება:

„ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია და არც მხოლოდ ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი.

„არც მე მაქვს ამ ადგილისადმი ლტოლვა და მერობა არ არის ჩემი თვითმიზანი, მაგრამ მგონია, რომ დღესდღეობით ვჭირდები ჩემს კუთხეს. მქონდა არაერთი ადამიანის თხოვნა, რომ კენჭი მეყარა ამ თანამდებობაზე. ასე რომ, ბრძოლაში ჩემი შესვლა და გამოსვლა არ არის მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული და არც მის სანაცვლოდ რაიმე თანამდებობა იქნება ამის წინაპირობა. რაც არ უნდა დიდი და მაღალანაზღაურებადი იყოს თანამდებობა, არსებობს შენი კუთხის მიმართ ვალდებულება, რომელიც გაცილებით ძვირად ღირს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა“, – განაცხადა მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო და არის, თიანეთში რაც შეიძლება მეტი სასიკეთო საქმე გააკეთოს.

„რაც შეეხება შეფასებას, თითქოს საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, მუდმივი დაძაბულობა იყო და ამის მიზეზი მაინც და მაინც არამეოცნებე მერია და არა, დავუშვათ, საკრებულოს უმრავლესობა ან გარკვეული ჯგუფი, რომელსაც თავისი კერძო ინტერესები ჰქონდა აქ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია“, – თქვა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაურის განცხადებით, სამ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობა მოუწია და „ძალიან ნორმალური ურთიერთობა“ ჰქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, „განსაკუთრებით ნაყოფიერი“ იყო თანამშრომლობა მამუკა ბახტაძესთან და „მისი მხრიდან ყოველთვის იყო ზომაზე მეტი მხარდამჭერა“, ასევე „მეტნაკლებად ნაყოფიერი“ თანამშრომლობა ჰქონდა გიორგი გახარიასთან.

თამაზ მეჭიაურის შეფასებით, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლების დანამატად განიხილავს, რითაც შეცდომას უშვებს: „ცენტრალურ ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გავლენა ჰქონდეს და ჰყავდეს წარმომადგენლობა, მას ამისთვის ჰყავს გუბერნატორები, რომლესაც ის ნიშნავს. რაც შეეხება მერს, ის აირჩევა ხალხის მიერ და უნდა იყოს ზუსტად ხალხის წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებში. თანამშრომლობა არ უნდა იყოს მონური მორჩილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. პირიქით, აქ უნდა იყოს ინტერესების შეჯერება“.

თამაზ მეჭიაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბიუჯეტი „პარტიული ობშიაკი“ ჰგონია – „ვისაც უნდათ მისცემენ, ვისაც არა - არ მისცემენ. ეს ასე არაა. ბიუჯეტი შედგება ყველას მიერ შეტანილი თანხებისაგან, პარტიულობის მიუხედავად. ასევე იმ საგარეო ვალისგან, რომელიც უსაშველოდ გაიზარდა. ეს ვალი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ყველამ უნდა გადავიხადოთ და ჩვენმა შვილებმაც ათწლეულების მანძილზე. ვიღაცას არ აქვს უფლება, დღეს თუ ხელისუფლებაშია, ის განკარგოს ისე, როგორც გაუხარდება და თუ ადგილზე მერად არ იქნება მისი პარტიის წევრი, უნდა დასაჯოს და მის მიერ გადასახდელი ვალიდან რაღაც ნაწილი არ გამოუყოს დამატებით, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ეს არის არასწორი მიდგომა და ასე არ შეიძლება.

„ცხადია, დაველაპარაკები ჩემს თანაგუნდელებს. დიდი ალბათობით, ვიცი, რომ მათი აზრიც ასეთი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა ემსახურება ღირსების დაცვას და არა იმას, ვინ რა ძვალს გადმოგვიდგებს აქეთ. ჯობს წავაგოთ ღირსეულად, ვიდრე ასეთი გზით გავიდეთ თამაშიდან“.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა, პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თამაზ მეჭიაურმა ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო, რაც 1899 ხმაა, ხოლო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა 43.2% (2726 ხმა).

არჩევნების მეორე ტური შაბათს, 30 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]