როგორ კობახიძემ თქვა, საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის „ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად“.
„2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ეს არ იქნება 14 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის კონტრაქცია.
„ეს არის შემაჯამებელი, საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში.
ეხლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.