weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეკანოიძემ ქუთაისის განვითარების გეგმა და ვიცე-მერობის კანდიდატები წარადგინა

23:11 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევნების მეორე ტურის წინ „ქუთაისის განვითრების გეგმა“ და კოალიციური გუნდი წარადგინა.

დეკანოიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, არ დაემორჩილება არცერთ პარტიას და საჯარო მოხელეებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მისი გუნდის უპირველესი ამოცანა ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება იქნება.

„არავინ მოგვატყუოს როცა გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს. ამას შევძლებთ ჩვენ, ყველა ერთად“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

დეკანოიძემ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ახალგაზრდების მიგრაცია გამოყო და თქვა, რომ მის გუნდს შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებზე ზრუნვას გულისხმობს.

„მე და ჩემი მეგობრები, კოალიციური მთავრობა პირობას ვდებთ, რომ ყველა საჯარო სკოლაში ყველა მოსწავლე იქნება დაცული და ექნებათ უფასო კვება იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ყოველდღიური საზრუნავი, რით კვებონ შვილები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე ბიზნესს ქონებისა და მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას ჰპირდება.

როგორც მან თქვა, ქუთაისი უნდა იყოს პირველი ქალაქი, რომელსაც არჩეული შერიფი ეყოლება: „ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქუთაისმა აირჩიოს საკუთარი პოლიციელი, იყოს გამორჩეული ქალაქი იმით, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას“.

დეკანოიძემ საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობის საჭიროებაზეც ისაუბრა: „ბავშებს უნდა ჰქონდეთ შეკრების ადგილი და ჯანსაღი ცხოვრების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი განცდა“.

„ეს ქალაქი იმსახურებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდეს საუკეთესო სკვერი, რომელიც იქნება ნიუ-იორკის Central Park-ის და ლონდონის Hyde Park-ის ყველაზე უფრო მსგავსი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატებად ოთხი ადამიანი წარადგინა: პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი იმედა კლდიაშვილი, წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე და თემურ ცამციშვილი.

ვიცე-მერობის კანდიდატების გარდა, ოპოზიციის მხარდამჭერებს „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიულმა მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ მიმართეს.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]