დეპუტატმა ანა წითლიძემ აქციაში მონაწილეობისკენ სამეგრელოს მცხოვრებლებს მოუწოდა და განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, პარტია მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ ვართ ისტორიულ ბრძოლაში, როცა წყდება არა ერთი კონკრეტული პარტიის ბედი, როდესაც წყდება, როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ 30 ოქტომბრის შემდეგ, გვექნება თუ არა სახელმწიფო. ეს არის ბრძოლა თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ნასხლეტებს შორის, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.
საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს.
სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს ცხრის ნახევარზე, ზუგდიდში, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის N90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, აქცია ემსახურება იმასაც, რომ ყველამ ნახოს როგორ მშვიდად, წყნარად, მაგრამ მტკიცედ მიუყვება გზას საქართველოს გამარჯვებისკენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ხვალ, 27 ოქტომბერს, წინასაარჩევნო აქციის გამართვას გეგმავს „ქართული ოცნებაც“. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა შეკრება 17:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.