weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

13:11 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, იურისტი ანა დოლიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ადვოკატებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხის გადასაჭრელად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. დოლიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლო, რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილია დააწესოს სახელმწიფოსთვის სავალდებულო დროებითი ღონისძიება.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით.

„იმასაც ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვთ გააზრებული, რასთან აქვთ საქმე და საერთოდ არ ვანდობ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შექმნილ სიტუაციას - სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი პირობები და საერთოდ მისი სიცოცხლე.

ამ ორი პოლუსიდან არ ვიცით, სად არის სიმართლე: ერთი პოლუსი გაიძახის, იყოს ციხის საავადმყოფოში, მეორე გაიძახის - უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ ჩვენ, როგორც გონივრული ალტერნატივა, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი ღონისძიება. ეს ერთხელ, წარსულში უკვე გამოყენებულია. რა არის მისი აზრი:

სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

ეს ღონისძიება, 39-ე მუხლი სწორედ ამას ემსახურება, იმიტომ, რომ სტრასბურგში საქმეები იხილება წლების განმავლობაში. ამასობაში რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაიმე შარში რომ არ გავეხვეთ, სასწრაფოდ წავიდეს განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისი შესწავლის შედეგად, გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით საკითხის ასეთი გადაწყვეტა სამართლიანია და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც ექიმთა ჯგუფმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]