„ზვიად მხეიძე გახლავთ საინჟინრო და მენეჯერული გამოცდილების მქონე, ბოლო პერიოდში ის იყო მერის მოადგილე. ონის მერობის კანდიდატია ემზარ საბანაძე. მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა თავდაცვისა და სამართალდაცვის სფეროებში, სადაც ეკავა ძალიან მაღალი თანამდებობები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. ცაგერში მერის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ავთანდილ უგრეხელიძის კანდიდატურას. ბატონი ავთანდილი გახლავთ ლეჩხუმელი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მან განათლება მიიღო ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. აქვს მუშაობის ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ლენტეხის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი ლიპარტელიანი. ის ცნობილი ექიმია. გარდა ამისა, ის გახლავთ ლენტეხის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ხალხს შვება ეგრძნო და თითოეული ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ კეთებას სოფლის მეურნეობის განვითარების, წარმოების ხელშეწყობისთვის და ამაზე მეტყველებს ჯერ არნახული პროექტები, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში ხორციელდება. ეს პროექტები არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ამბროლაურს ჰქონოდა საერთაშორისო სტანდარტების ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2017 წლის ბოლომდე საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. „ამის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტირებაზე და ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება. ესეც გახლავთ ქუთაისთან ამ რეგიონის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ ქუთაისიდან დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.