„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ჩვენო მხარდამჭერებო, ხომ ბევრს გეგონათ, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა. უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ აქცია თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და თბილსის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.
სახელისუფლებო პარტიამ აქცია ორი დღის წინ დაანონსა. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, ეს არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს ორგანიზებული აქციის კონტრაქცია, არამედ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებაა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება და მათი თბილისში ტრანსპორტირება დილიდან დაიწყო.