weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

უკრაინელი ჟურნალისტი, რომელსაც სააკაშვილის ნახვა სურდა, საქართველოში არ შემოუშვეს

18:50 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.

როგორც გორდონი ამბობს, თითქმის ერთი საათი ელოდა საპასპორტო კონტროლის გავლას, რის შემდეგაც მასთან თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელის მოადგილე ნოდარ ბარამიძე მივიდა და უთხრა, რომ საქართველოში შესვლა მისთვის, მისი მეუღლე ალესია ბაცმანისა და დელეგაციის კიდევ რამდენიმე წევრისთვის აკრძალული იყო.

„ნაწყენი ვარ საქართველოს ხელისუფლების ამ, ჩემი აზრით, უხერხული გადაწყვეტილებით. ჩვენ აქ მოვდიოდით, რათა 27, 28 და 29 ოქტომბერს მონაწილეობა მიგვეღო „დიმიტრი გორდონის აკადემიის“ მუშაობაში. ასევე, მინდოდა, რუსთავის ციხეში მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი - დიდი ქართველი პრეზიდენტი და რეფორმატორი, რომელიც 27 დღე-ღამეა იქ იმყოფება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის ნახვის უფლება მოეცათ. მინდოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მისი ნახვა, ჩახუტება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე, ადამიანი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ვარ საქართველოს მეგობარი და არაერთხელ ვყოფილვარ აქ, არ შემიშვეს, სამარცხვინოდ არ შემიშვეს ქვეყანაში“, – ამბობს გორდონი.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ნდობას.

„ეს დიდი სკანდალია და მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო საზოგადოების მეტი დახმარება სჭირდება“, – ამბობს დიმიტრი გორდონი.

მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გუშინ, საზღვარზე 40 წუთი გააჩერეს და ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში. სახალხო დამცველის თქმით, ის მხოლოდ „ზარებისა და მუქარების“ შემდეგ გამოუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]