„ხმა მომეცით, 30 ოქტომბერს, მოდით, ამათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული.
მე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო - „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
მერობის კანდიდატის თქმით, საჭიროა კორუფციისგან გათავისუფლება. მან ყურადღება მიგრაციაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ემიგრანტები საქართველოში ღირსეულად უნდა დააბრუნონ.
„14 ათასამდე ბავშვს სკოლაში უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს პენსია უნდა გავუზარდოთ და რაც მთავარია, პენსიის გაზრდასთან ერთად ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი უნდა ჩავუსახოთ“, – თქვა მელიამ.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 41.15% (21 007 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 46.88% (23 934 ხმა).