„ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად იმიტაცია. ეს იმიტაციაც იქნება აქტუალური 30 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ იმიტაციისთვისაც ინტერესი აღარ დარჩება. აქედან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ დარჩება ძალაში ეს შოუ 30 ოქტომბრამდე, მაგრამ 30 ოქტომბრის შემდეგ ეს შოუ - შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა მთლიანად დაკარგავს აქტუალობას.
არა მარტო შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა ვნახეთ ამ პოლიტიკური ძალის და კონკრეტული ტელეკომპანიების, რომლებიც მხარს უჭერენ და ეკუთვნიან მიხეილ სააკაშვილს, შესრულებით, არამედ ასევე ვიხილეთ ერთ-ერთი ჟურნალისტის შესრულებით შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც, ანუ რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში, არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას იმ ფონზე, როდესაც 27 დღეა შიმშილობს, კობახიძემ თქვა: „კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?“.
ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 27 ოქტომბერს, შიმშილობის 27-ე დღეს, მან განაცხადა, რომ უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ იმ წამლებს მიიღებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება. მისი პროტესტი კიდევ უფრო რადიკალური მას შემდეგ გახდა, რაც ციხიდან წერილების გავრცელების საშუალება შეუზღუდეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.