„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რაც იგრძნობოდა აქციაზე. მე ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2019 წელსაც გვქონდა მასშტაბური აქცია, თუმცა 2012 წლის შემდეგ ასეთი მუხტი, ასეთი შემართება, ასეთი ენთუზიაზმი არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ საუბარია ფასეულობებზე, ღირებულებებზე.
ზუსტად ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. დღეს კარგად ჩანს, რა ძალა უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ და არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ – სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, ტრადიციას, კულტურას. უბრალოდ ნახეთ, რა ლექსიკით ესაუბრებიან საზოგადოებას. მერე რა, ვიღაცას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, რა ლექსიკაა? “, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კალაძემ „ნაცინალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სექტა უწოდა და თქვა, რომ ისინი ეცოდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, შევძლებთ ერი გავაერთიანოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, შევძლოთ მათი დაბრუნება საზოგადოებაში და ერთად შევუდგეთ ამ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას“, – თქვა კახა კალაძემ.
გუშინ, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს იყო შემაჯამებელი საარჩევნო შეხვედრა და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს გამართული აქციის კონტრაქცია.